უკვე რამდენი ხანია გული მიგვიწევდა ფშავისკენ, თითქოს
გვიხმობდა ჩარგალი, ჩვენი საყვარელი ვაჟას პატარა, მაგრამ ყოველი ქართველისთვის სრა–სასახლეზე
ძვირფასი სახლი, იდუმალებით გაყურსული მაღალი მთები.. ნისლიანი ქედები... თითქოს არც
ისე შორია იქამდე, მაგრამ უკვე რამდენჯერ გადავიწურეთ იმედი, რომ შევძლებდით ასვლას,
ისე უცებ დადგა შემოდგომის ცრიატი დღეები. მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა, გულის გამაწვრილებელი,
ნაცრისფერი დღეები გადაება ერთმანეთს. სახლში ყველა ეჭვით უყურებდა ჩემს მოგზაურობას
ფშავში, მაგრამ 14 ოქტომბრის დილას, სვეტიცხოვლობას, ჩვენი მამაცი ლექტორის, ქალბატონი თამარის, თაოსნობით
მისი თეთრი „ჯიპით“ თბილ ქურთუკებში ჩათბუნებული მე და ჩემი ჯგუფელები ჩარგლისაკენ
მიმავალ გზას დავადექით.
თეთრი მერანივით მიქროდა ჩვენი „ჯიპი“ და თანდათან იშლებოდა
გზადაგზა შემოდგომის უმშვენიერესი პეიზაჟები. აი ჟინვალჰესიც გამოჩნდა.
„დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!“
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!“
წყალსაცავად ქცეული ვაჟას გიჟმაჟი არაგვი ვეებერთელა
სივრცეში გადაშლილი ზურმუხტისფრად ალივლივდა
ჩვენ თავლწინ. შორიდან მოჩანდა ანანურის ძველთაძველი ციხის ქონგურები. სამყაროს შემოქმედის უხილავ ფუნჯს უკვე შეეფერადებინა ხეთა
ფოთლები, აქა–იქ კი წითლად ღაღანებდა ასკილის
ბუჩქი.
ყველას სიხარული და აღტაცება დაგვეუფლა. ქალბატონი თამარი, მისთვის ჩვეული უბრალოებით და უშუალობით გაგვიმასპინძლდა მანქანის ძარაზე შემოთავაზებული ყავით, რომელიც იმ საოცარ გარემოში ერთი–ორად გემრიელი გვეჩვენა.
გადავიარეთ პატარა
ხიდი და ავუყევით ვაჟას სახლისაკენ მიმავალ კიბეებს.
ყველას სიხარული და აღტაცება დაგვეუფლა. ქალბატონი თამარი, მისთვის ჩვეული უბრალოებით და უშუალობით გაგვიმასპინძლდა მანქანის ძარაზე შემოთავაზებული ყავით, რომელიც იმ საოცარ გარემოში ერთი–ორად გემრიელი გვეჩვენა.
ძნელი იყო ამ მშვენიერებასთან დამშვიდობება, მაგრამ
წინ ხომ უფრო დიდი სიხარული გველოდა.
წვიმდა.. წვიმის წვეთები ასველებდა გზას, რომელიც არაერთხელ
გაუვლია ვაჟას, როგორც ქვეითად, ისე ცხენზე ამხედრებულს. არაგვის ხმაურიანი ზვირთები მიგვაცილებდა მის მშობლიურ
სოფლამდე. აი მაღაროსკარიც, საცაა შეგვეგებებოდა ჩარგალი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით,
მით უფრო გვემატებოდა მღელვარება. სვეტიცხოვლობის ამ მადლიან დღეს თითქოს თვითონ ღმერთთან
მოლაპარაკე ვაჟა მიგვიძღოდა თავისი სამყოფელისკენ. ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა ეს სტრიქონები:
„მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.“
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.“
აი, ჩარგალიც. ვაჟას ვეებერთელა
ბიუსტი შემოგვეგება.
აქ ყველაფერი პირველყოფილი
სილამაზით, გასაოცარი უბრალოებითა და დიდი მადლითაა სავსე. ასე გგონია, ტაძრისკენ მიდიხარ, გინდა, დაკოცნო ეს კედლები,
რომელშიც დაირწა ამ დიდი გენიოსის აკვანი. მოეფერო თითოეულ კუნჭულს სახლისა, რომელსაც
ახსოვს პოეტური შთაგონების ღვთიური წამები. აი, გაჭვარტლული ბუხარი, მის შუქზე არაერთი
შედევრი შექმნილა. აქვეა ჩანგური ვაჟას თითოეული ლექსის პირველი
გამომცდელი.
„დავუკრავ მჭვარტლიანს
ჩონგურს
ათასჯერ განა ერთხელა,
და ზედ დავმღერებ იმასვე
რასაც დღესნამდე ვმღეროდი,
მთავ შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ–მკერდზედ დაიწეროდი..“
აი,
ვაჟას ხელშენავლები ნივთები, მაგიდა, სკამი, საგვარეულო ტახტი, რომელზეც
მთელ ოჯახს ერთად ეძინა.
არ გვიკვირს, ამ ღარიბულ
და უბრალო სახლში რომ დაიბადა ეს ბუმბერაზი
ადამიანი – ღვთის დიდი საჩუქარი ქართველთათვის, თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტეც ხომ
მდიდრული დარბაზების ნაცვლად საქონლის ბაგაში გაჩნდა.
„მადლობელი ვარ დამბადებელო,
ჩემიდან შექმენ ისეთი
გუნდა,
როგორიც ამ დღეს საჭირო
არი,
სამშობლოს წყლულებს როგორიც
უნდა,
ეკლებზე ვწევარ, არაფერს
ვიმჩნევ,
მაინც ღმერთს ვმადლობ,
ეშმაკს შეშურდა.“
მართალი იობივით ღმერთს ადიდებდა ვაჟა დაკონკილი ჩოხით, სიდუხჭირესთან
მებრძოლი. ლუკმას სხვებს უწილადებდა, დაჩაგრულების
ქომაგად იდგა მთელი ცხოვრება.
სიყვარულით და დიდი მოწიწებით
სავსე გულებით სასაფლაოსკენ მიმავალ ბილიკს
ავუყევით. მერე რა რომ ვაჟა აქ არ განისვენებს,
„მისი საშვილიშვილო სამარე“ მთაწმიდამ ჩაიხუტა გულში, ვაჟა ხომ მთელ საქართველოს ეკუთვნის,
ჩვენი მისი მშობლების საფლავებს ვესტუმრებით,
მოვეფერებით, მადლობას ვეტყვით ასეთი შვილი
რომ გვაჩუქეს.
ნელ–ნელა ზევით მივყვებოდით ბილიკს, გარშემო ნისლებშემოხვეული ვაჟას მთები აღმართულიყო. ამდენი ფიქრით შუბლდაღარულები
თითქოს მართლაც კაცობის გვირგვინით იდგნენ... „იდგნენ და ელოდნენ.. უსაზღვრო იყო მათი მოლოდინი“.
გადაუღებლად წვიმდა.. ფშაველი ქალის გაოცებული მზერა მიგვაცილებდა სასაფალოსკენ..
როგორც ჩანს, არასდროს ენახა მათ სასაფალაოზე
მიმავალი უცხო მგზავრები.
ბილიკის ბოლოს, შემოღობილი ფშაველთა სასაფლაო გამოჩნდა. აქ უჩვეულო სიმყუდროვე იყო გამეფებული, მარადისობაში
გადასულ ფშაველთა საფლავები სევდიანად შემოგვცქეროდნენ. ამ ნაცრისფერ წვიმიან დღეში
ერთი–ორად მძაფრდებოდა სევდის განცდა. ქალბატონი თამარი ვაჟას მშობლების – პავლე რაზიკაშვილისა
და გულქან ფხიკლეშვილის საფლავების მოსაძებნად გაეშურა. თავად ვაჟას გადმოცემით
ვიცით, რომ საოცარი მშობლები ჰყოლია. ასე იხსენებს პოეტი დედას: „შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურს დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა და სამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა“.
სამწუხაროდ, ვერ მივაგენით
მათს საფლავებს, დროს გადაეშალა ქვებზე წარწერები.. სამაგიეროდ, ვაჟას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის
საფლავს მივეახლეთ, რომლის გვერდითაც არაჩვეულებრივი პოეტი, მიხა ხელაშვილი, განისვენებს.
ძალიან მოგვინდა ჭიქა წაგვექცია მათ საფლავებზე, ამიტომ იქვე პატარა
საყდრის ძირში გავშალეთ ჩვენი მოკრძალებული
სუფრა და წავიხემსეთ. განუწყვეტლად წვიმდა.. თუკი სხვა დროს და სხვა ადგილზე წვიმა
დამაბრკოლებელი იქნებოდა, აქ პირიქით, თითქოს ისიც ეხმიანებოდა ჩვენს განცდებსა და
ემოციებს.. ჭიქაში ღვინოს ერწყმოდა წვიმის
წვეთები და ამ საოცარი მიწისა და ცის ერთიანი ნაჟურით ვადღეგრძელებდით ჩვენს დიდ პოეტსა
და მის წინაპრებს.
თივის ზვინებით გარშემორტყმულებს გული სიხარულით გვქონდა სავსე, ადგომას
არ ვჩქარობდით, გვსურდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ნეტარი წუთები, რადგან ვიცოდით,
აქედან წასულებს მალე მოგვიწევდა კვლავ ქალაქურ
ორომტრიალში ჩაბმა და არ გვეთმობოდა ეს პირველქმნილი სილამაზე და უბრალოება.
წამოსვლისას ტაძარიც მოვილოცეთ, ვიგალობეთ და როცა გამოვედით, ჩვენდა
გასაკვირად, წვიმას გადაეღო, ცა მოწმენდილიყო. აქა–იქ შემორჩენილ ფოთლებზე კი ჯერ კიდევ
ეკიდა წვიმის წვეთები. კრძალვით დავემშვიდობეთ
მარადიულ სამყოფელს და დავუყევით ბილიკს. გზად ერთი ხის სახლი შემოგვხვდა, მადლიანი
ხელით, როგორც ჩანს, საგანგებოდ სტუმრებისთვის აგებული. აქ ყველა კარი ღია იყო, ნებისმიერ
მგზავრს შეეძლო დაესვენა და ღამეც კი გაეთია. ამ სახლმა სითბოთი და სიყვარულით სავსე
ჩვენს გულებს კიდევ ერთი სიხარული შემატა. წამოსვლისას სამადლობელი წერილი დავუტოვეთ
ამ კეთილ სახლსა და მის უცნობ პატრონს.
ქვემოთ დავეშვით. ამდენი ემოციითა
და კახური ღვინით შემთვრალებმა სიმღერა შემოვძახეთ.
კვლავ გამოჩნდა ვაჟას სახლი, კიდევ ერთხელ შევავლეთ თვალი და მოწიწებით გამოვეთხოვეთ
ისევ დაბრუნების იმედით.
მოვდიოდით და თან
მოგვდევდა ვაჟას მამაპაპეული სახლის სითბო, მის ჭერქვეშ დავანებული სულიწმინდის მადლი,
ფშავის ნისლიანი მთების სიდიადე და ჩარგლის
სასაფლაოს კეთილი აჩრდილები. ჩვენი გულები სავსე იყო მადლიერებით, შემოქმედის, ვაჟას,
ამ ზეცისა და მიწის და ჩვენი კეთილი ლექტორის, ქალბატონ თამარ შარაბიძის მიმართ, ასეთი
ლამაზი, დაუვიწყარი დღისთვის, დამღლელი ერთფეროვნებიდან თეთრი „ჯიპით“ რომ ამოგვაქროლა
ნისლების საუფლოში.
No comments:
Post a Comment